დღეს სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩავიდა, ახალი სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა საახალწლო წარმოდგენას დაესწრო. მინისტრმა სოფელ სადგურ სვირის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის ყველა მოსწავლეს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სოფელ სადგურ სვირის მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელი გაუსაძლის პირობებში სწავლობდნენ. ძველი სკოლა განთავსებული იყო სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში, სადაც არ იყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ამ ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელსაც ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვს.
ახალი სკოლის შენობა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, ეს სკოლა ერთ-ერთია 2014 წელს აშენებული 9 საჯარო სკოლიდან.