საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, საახალწლო საჩუქარი დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუკეთა. 7 იანვარს, შობას მინისტრმა პატარები რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას საბავშვო სპექტაკლზე „ჯადოსნური ღამე“ მიიწვია. თამარ სანიკიძე მოსწავლეებთან ერთად დაესწრო სპექტაკლს, რომელშიც რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა წამყვანი მსახიობი მონაწილეობდა.
დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჯარო სკოლები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. არაერთი პროექტი, მათ შორის სოციალური პროგრამები, ხორციელდება ამ სოფლების მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - საახალწლოდ, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს 150-ლარიანი პრემიები გადაეცათ. 2013 -2014 სასწავლო წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 415 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს დაგეგმილია 600-მდე სტუდენტის დაფინანსება.
ამ ეტაპზე მოგვარებულია სკოლების გათბობის, აღჭურვის, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის გადაწყდა სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის პრობლემები, რაც გამოწვეული იყო დროებითი გამყოფი ხაზის მიღმა არსებული მაღალსიხშირიანი ანტენების ზემოქმედებით. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფლებში უკაბელო (Wifi) ქსელი და VoIP ტელეფონები დამონტაჟდა, რაც სკოლებს საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო სისტემის სატელეფონო ქსელთან საიმედო და უწყვეტი კავშირი განახორციელონ.