Mes.gov.ge სრულ ინფორმაციას მოიცავს განათლების სისტემის შესახებ. საიტის სტუმარს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო მასალა მოიძიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განათლების სფეროს ეხება. საიტზე დამთვალიერებელი გაეცნობა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს.
პირველად ტრანსპარანტული ხდება ინფორმაციის მიღება უცხოეთში განათლების მიღების თაობაზე. საიტზე სისტემატიურად იდება სიახლეები მიმდინარე გაცვლით პროგრამებზე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.
Mes.gov.ge ინფორმაციულია მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მეცნიერთათვის. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ზოგად, ინკლუზიურ, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროექტებზე, სამეცნიერო გრანტებზე.
საიტზე განთავსებულია სრულყოფილი მონაცემები საჯარო სკოლების, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, რესურსცენტრებისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ების შესახებ. საიტზე ასევე განთავსებულია კანონები, მნიშვნელოვანი ბრძანებები და დებულებები. შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება ლიცენზიისა და აპოსტილის მიღებისათვის საჭირო პროცედურებზე.
სპეციალური საიტი შეიქმნა ახალი პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში. პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლების მიზნით, 1000 უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს. საიტი tlg.gov.ge ინგლისურენოვანია და მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ უცხოელთა ინფორმირებას და მათ დაინტერესებას ჩვენი ქვეყნით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე ამჟამად განთავსებულია მასწავლებელთა სასერტიფიკატო და აბიტურიენტთა გამოცდების ტესტების ნიმუშები, იდება ყველა აუცილებელი ინფორმაცია სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე და პროექტებზე. საიტზე ორგანიზებულია ვიქტორინა მოსწავლეთათვის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება საიტზე უახლესი ინფორმაციის, ვიდეო და ფოტომასალის განთავსება. ასევე საიტზე იდება ანონსები მომავალ ღონისძიებებათა შესახებ.