ახალი სასწავლო სემესტრიდან სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებს. რეაბილიტაციამდე სკოლა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, არ იყო შეყვანილი გაზი და თბებოდა შეშის ღუმელებით. სამინისტროს დაფინანსებით სკოლაში რეაბილიტაცია განხორციელდა, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოხდა გაზიფიცირება, მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა. სკოლა აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით, აქვს გარემონტებული სპორტული დარბაზი. გაზაფხულზე კი, სამინისტროს დაფინანსებით მოეწყობა გარე სპორტული მოედანი. მესამე წელია ზარიძეების სკოლას, სადაც მოსწავლეები მეზობელი სოფლებიდანაც დადიან, სასკოლო ავტობუსი ემსახურება და მოსწავლეები 6, 7 კილომეტრს ფეხით აღარ გადიან.
ზარიძეების საჯარო სკოლა ამ სკოლის კურსდამთავრებულის, საქართველოში ყველაზე უმცროსი ასაკის ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელს ატარებს (22 წლის მფრინავი აფხაზეთში 1993 წელს დაიღუპა), სკოლის 23 პედაგოგიდან 10 სერთიფიცირებულია, სკოლის აღზრდილები არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში, პროექტ "ნიჭიერის" ფინალისტი იყო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ჩიტაური. გასულ სასწავლო წელს სკოლას 9 მედალოსანი ჰყავდა, რომელთაც ქეთევან ნატრიაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა მედლები გადასცეს.