ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დასაქმდეს.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ჯეო-ტურანთან“ და წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევით ცენტრთან „აზია ენერჯი“. ამ თანამშრომლობის შედეგად, დაიგეგმა და შემუშავდა პროექტი „ევრო-მასტერი“. პროექტის ფარგლებში კოლეჯში მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, კოლეჯში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ინტერაქტიული პროექტორით, რობოტობით და გახმოვანების აპარატურით რაც, აუდიო და ვიდეო ლექციების ჩატარებისა და უცხოეთიდან ონლაინ რეჟიმში სალექციო ჩართვის საშუალებას იძლევა.
აღნიშნული ტექნოლოგიების საფუძველზე, შეიქმნა საწარმოო პრაქტიკის ლაბორატორიაც, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების („როტენბერგერი “, „კროლი“, „რიკო“, „რიტმო“, „ტურან ბორფიტი“, „ჰიტაჩი“) დანადგარებზე მუშაობა, რაც ზრდის მოტივაციას და აძლევს მათ ევროპული ხარისხის განათლებას, ეს არის დუალური განათლების პილოტირება კოლეჯის ბაზაზე.
პროექტი ასევე გულისხმობს სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“, სადაც კურსდამთავრებულები ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით, მარტივს და პროდუქტიულს გახდიან სერვისულ მომსახურებას. კომპანია „ჯეო ტურანი“ ვალდებულებას იღებს, რომ 2015 წელს გადაამზადებს და შემდეგ დაასაქმებს 150 კურსდამთავრებულს.
დღეს, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ სასწავლებელს „სპექტრი“ ეწვია, პირადად გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო ლაბორატორიას, შეხვდა სტუდენტებს და მათ პრაქტიკულ მეცადინეობასაც დაესწრო.