სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, „საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის“ თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა და მათ შორის სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მცირერიცხოვანი ერების ენობრივი განათლების პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარმოადგინა, რომელიც სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ და აკადემიური წრეების, სახალხო დამცველის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადდა. მინისტრის მოადგილემ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაისახა სხვადასხვა აქტივობები მომავალი სამოქმედო გეგმის შესაქმნელად.