ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო მემორანდუმის გაფორმება და სამომავლო თანამშრომლობის კონტრაქტის ხელმოწერა ურეკში მიმდინარე მაგისტრალური წყალსადენების შედუღების პროექტების შესრულებასთან და პროექტის განხორციელებაში კოლეჯის კურსდამთავრებულთა ჩართვასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’სპექტრსა’’ და თურქეთის უმსხვილეს ჰოლდინგს ''ტურან-ბორფიტს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას, მათ გადამზადებას თანამედროვე პროგრამებით, კვალიფიკაციის ამაღლებას სტამბულში არსებულ საწარმოში და მათ სერთიფიცირებას. ეს პროცესი „ტურან-ბორფიტის“ ბაზაზე მოხდება და შედეგად, კარგი განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულები ადვილად შეძლებენ დასაქმებას. ღონისძიების ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა ’’სპექტრსა’’და კომპანია ‘’ფერი’’-ს შორისაც.
ზემოაღნიშნული თანამშრომლობა კოლეჯის კომპანია „ჯეოტურანთან“ პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. კოლეჯში უკვე ხორციელდება ახალი პროექტი „ევრომასტერი“, გაიხსნა თეორიული პრაქტიკის ლაბორატორია, კოლეჯი აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
კომპანია „ჯეოტურანი“ ახალი გამოწვევაა ქართულ ბაზარზე, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს: ნებისმიერი დიამეტრის მილების პირაპირა და ელექტრო შედუღება-რეკონსტრუქცია, წყლის და გაზის გაჟონვის აღმოჩენა-მომსახურება, გაჭედილი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების წმენდა-რეკონსტრუქცია, მილების ტელედიაგნოსტიკა, დამარხული ჭებისა და კაბელების მოძებნა სპეც. აპარატით, ცენტრალური გათბობის და კონდიცირების სისტემების წმენდა-დიაგნოსტიკა და სხვ.