საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრში გაეცნო.
ცენტრში თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ხორციელდება. კოლეჯში შემუშავებული ყველა საფეხურის პროფესიული პროგრამები და სხვადასხვა მოკლევადიანი სასერთიფიკატო ტერნინგ-კურსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი მორგებულია თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს და სტუდენტების მაღალი ხარისხის თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფს.
კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო მიმართულელები განსაზღვრულია ინჟინერიის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრაციისა და სხვა მიმართულებებით. ცენტრი ახორციელებს მე-2, მე-3 და მე-4 საფეხურის 20 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას: მოლარე (ბანკის და ა.შ.); მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი; ძრავის შემკეთებელი; ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი; ავტომობილის დიაგნოსტიკოსი; ინფორმაციული ტექნოლოგი; სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; საკერავი მანქანების ოპერატორი; ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი); კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი); ბუღალტერი; კომპიუტერული გრაფიკოსი; ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი; მცირე ბიზნესის მწარმოებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ტოპოგრაფი. გარდა ამისა, კოლეჯში შემუშავებულია მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.
საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯში 620 სტუდენტი ჩაირიცხა, მსურველი კი, 1040-ზე მეტი იყო, ხოლო ზოგიერთ პროგრამაზე კონკურსი იყო - 1/12-ზე. 2015 წელს კოლეჯი გეგმავს 950-მდე სტუდენტის მიღებას, რასაც შესაძლებელს ხდის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და ინფრასტრუქტურის განვითარება. კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებადაც.
საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რეგისტრაცია 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით, მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს.