კოლეჯში რამდენიმე დღეა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს. "მერმისი“ 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ხუთი ძირითადი მიმართულებით: აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნების, ინჟინერიისა და მიმართულებათაშორისო სპეციალობები. ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.
კოლეჯში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება, ამისათვის კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი - თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული პროგრამები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები. კოლეჯს ჰყავს წარმატებული და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. 2014 წელს, WorlsSkills Georgia-ს ეროვნულ კონკურსში, კოლეჯის ორმა სტუდენტმა პირველი ადგილი აიღო პროფესიებში - ვებ დიზაინი და სტილისტი, ისინი გაზაფხულზე მსოფლიო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში გაემგზავრებიან.
კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კომპანიებში: „თეგეტა მოტორსი“, „მათე მოტორსი“, „ახალი ქსელები“, „ელსელემა“, „კავკასუს ონლაინი“, „სამოსელი პირველი“, რესტორანი „ბაბილო“, რესტორანი „კრუიზი“, „ნეოტეკი“, „ქართული სამოსი“, „ეტალონი“, „საბა+“, „ივერია“, „იფანი“ და სხვა.
2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ჩართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირება უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. სასწავლო გარემოსთან ერთად, სსსმ სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია საჭირო სასწავლო რესურსები.
კოლეჯში სსსმ სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის საშემოდგომო მიღებაზე 42 სტუდენტი 14 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. სსსმ სტუდენტებთან მუშაობს 5 ჟესტური ენის თარჯიმანი, სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს უსინათლო სტუდენტისთვის გზის დასწავლას და მომზადებას დამოუკიდებელი მგზავრობისათვის და სპეციალური ასისტენტი-მძღოლი ეტლით მოსარგებლე სტუდენტისათვის. ასევე, შეძენილ იქნა აუდიო ჩამწერები უსინათლო სტუდენტებისათვის და მოწვეულ იქნა სპეციალისტი, რომელმაც უზრუნველყო კოლეჯის კუთვნილ კომპიუტერებზე (ასევე, სტუდენტთა პირად ლეპტოპებზე) ხმოვანი პროგრამის NVDA 2014 ჩაწერა.