მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალი სქემა წარუდგინა.
სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის, დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში.
აქამდე მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითადი ხარვეზი იყო ის, რომ მოდელი იყო არასისტემური და მასწავლებლის შეფასება ხდებოდა მხოლოდ საგამოცდო ფორმატში, არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერ ასახავდა მასწავლებლის საქმიანობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვით, გვეცოდინება რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს.
სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა. შეფასების კომპონენტი არის ყველა შემდგომი ქმედების დასაგეგმად აუცილებელი წინაპირობა, რომლის სკოლაში არარსებობა ნიშნავდა, რომ სკოლა არ იყო ორიენტირებული სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე.
რაც შეეხება გარე შეფასებებს, გვაქვს შეფასების ორი ფორმა - საგნობრივი გამოცდა და პრაქტიკაში დაკვირვება. რადგან ეს არის რეგულირებადი პროფესია სხვა რეგულირებადი პროფესიების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო აყენებს მინიმალურ მოთხოვნებს. ხოლო ძირითადი ფუნქცია და აქტიობები ხორციელდება სკოლაში.
პროფესიულ განვითარებას თან ახლავს ფინანსური მხარდაჭერა, რაც სისტემის განუყოფელი ნაწილია. აქ საუბარია ფინანსურ მოტივაციაზე ყველასთვის და განსხვავებულად კარიერული საფეხურებისთვის. უკეთესი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, კარიერულ საფეხურებში მოძრაობა დაგეგმილია მაქსიმალურად მოქნილად.
სქემაზე დაყრდნობით მომზადდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც კვალიფიციურ პედაგოგებს მოამზადებს. დღემდე, მასწავლებლის მომზადებისა და შეფასების თანამიმდევრული, ერთიანი სისტემა არ არსებობდა. ახალი სისტემა კი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მოემსახურება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას. სახელმწიფო მზად არის გარკვეული რესურსები ჩადოს ახალი პედაგოგიური კადრების დასაფინანსებლად.
სამინისტრო ითვალისწინებს რა სქემის მასშტაბურობას, 2015-2016 წლებში სქემა იმუშავებს საპილოტე რეჟიმში. თუმცა, პედაგოგის მიერ პილოტირების პროცესში მიღწეული წარმატება შენარჩუნდება და გავლენას იქონიებს მისი საფეხურებში მოძრაობის პროცესზე.
ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს. მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება.