შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე, როგორც ერთიან სისტემაზე, რომლის ფარგლებშიც, უზრუნველყოფილია მასწავლებლების კომპეტენციების კომპლექსური შეფასება და უწყვეტი განვითარება, ასევე პროფესიაში შესვლის გზები და ის ეტაპები, თუ როგორ უნდა მოხდეს პედაგოგის კარიერული წინსვლა.
იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი და აუცილებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარება, უნდა განისაზღვროს რა ფორმით მოხდება კერძო სკოლების ჩართულობა ახალ სისტემაში - ამ და სხვა სქემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა მსჯელობა შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ ახალი სქემა ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგიური კადრების მომზადებასაც და ამ მიზნით, ძირეულად გარდაიქმნება საუნივერსიტეტო დონეზე მასწავლებლების მომზადების პროგრამებიც. ახალი საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც დარგობრივი, ისე მეთოდური და პრაქტიკული ცოდნა. მომავალში ასეთ კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იარსებებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.
საქართველოში სულ 246 კერძო სკოლაა. აქედან 123 თბილისში მდებარეობს დანარჩენი კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული. დღევანდელ შეხვედრაზე კერძო სკოლები სრულად იყვნენ წარმომადგენილნი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სქემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მინისტრისთვის კითხვები დაესვათ.