მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე მომუშავე ექსპერტებმა გამართეს.
იქედან გამომდინარე, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად არის დასახლებული, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექნიზმებსა და მათი ქართული ენის კომპეტენციების განვითარებაზე გაკეთდა.
აქამდე არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისთვის ვერც საგნობრივი და ვერც პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებას მათ მშობლიურ ენაზე. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, აისახება მასწავლებლების საქმიანობაზე და აფერხებს მათ პროფესიულ განვითარებას. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნის გამო მასწავლებლებს აქვთ დაბალი მოტივაცია, გაიღონ ძალისხმევა პროფესიული განვითარების მიმართულებით.
პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკის ფარგლებში, მოხდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლების მასწავლებლების გადამზადება როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიულ უნარებში, ასევე ექნებათ ქართული ენის სათანადოდ დაუფლების შესაძლებლობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროგრამაში ჩართული თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას.
სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ბილინგვური მასწავლებლის, როგორც დამატებითი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგის საუნივერსიტეტო მომზადებაზეც. ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ამოქმედდება „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამები და მულტილინგვური მოდული“. ახალი საუნივერსიტეტო პედაგოგიური პროგრამების შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისთვისაა მნიშვნელოვანი, ისინი ადგილზე შეძლებენ მაღალკვალიფიციური კადრებად ჩამოყალიბდნენ და გააძლიერონ არსერბული პედაგოგთა კორპუსი.
პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და აუდიტორიამ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სამინისტროს პირველი პირებისაგან მიიღო.