მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მიზანია მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვა.
სემინარის პირველი დღე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნეს.
სემინარზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პერსპექტივების შესახებ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა და ლატვიის ელჩმა საქართველოში ელიტა გაველესმა ისაუბრეს. მასწავლებლები ასევე გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს.
სემინარში მონაწილეობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია 2015 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 100 პედაგოგი შეირჩა.
პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ინტეგრაციის საკითხებში ევროკავშირის დელეგაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.