2010 წელს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრუქტურულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში გაერთიანდა. ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით, ტექნიკურ უნივერსიტეტს სამომავლოდ სერიოზული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი გეგმები ჰქონდა თუმცა, მაშიდელმა ხელისუფლებამ შენობა გაასხვისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი შენობის გარეშე დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახორციელებდნენ კვლევებს და პარალელურად, აგრძელებდნენ ბრძოლას შენობის დასაბრუნებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ინსტიტუტს ახალი ტერიტორია და შენობა გადაეცა, ასევე გამოიყო სოლიდური დაფინანსება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში რამდენიმე თვეში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასევე მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. Grid და Cloud-ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებულ მაღალი დონის სამუშაოებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას.