ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი გაკეთდა და შესაბამისად აღიჭურვა. წლების განმავლობაში ამ სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინფრასტრუქტურა სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს და მოსწავლეები სრულიად განახლებული სპორტული დარბაზით სარგებლობენ. სკოლაში ასევე მოწესრიგდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, გაკეთდა სარინელები, ძირითადი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და მოეწყო ექიმის კაბინეტი.
2013-2014 წლებში იმერეთის რეგიონში 255 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში გათვალისწინებულია 56 საჯარო სკოლისა და პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ორი ფილიალის (ქუთაისსა და ბაღდათში) რეაბილიტაცია, დაგეგმილია 2 სკოლის - სოფელ ზედა ვანისა და სოფელ მუხურას საჯარო სკოლის მშენებლობა, ასევე მომზადდება ორი ასაშენებელი სკოლის (ტყიბულის მე-7 და ზესტაფონის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლების) პროექტები. ამ სკოლების მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.