თანამედროვე სასწავლო რესურსები საქართველოს 122 საპილოტე ქართული და ეთნიკური უმცირესობების საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვას ემსახურება. პილოტირება ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd)“ ფარგლებში ხორციელდება. ინოვაციური მიდგომები, სასწავლო პროცესებში მონაწილეობა და დამატებითი რესურსები ხელს უწყობს ეფექტურ სწავლებას და მაქსიმალურად ზრდის სწავლაში მოსწავლეთა პრაქტიკულ გამოცდილებას.
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა დაწყებით საფეხურზე დონეების მიხედვით კლასიფიცირებული დამატებითი საკითხავი მასალა, დიდი ზომის წიგნები პატარა მკითხველებისთვის; პლაკატები, აქტივობის ბარათები და მანიპულატივები მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით; დასურათებული ბარათები ტექსტებით, საბავშვო გაზეთები მოსწავლეებისათვის და აქტივობის ბარათები მშობლებისათვის, რომლებიც შეიქმნა საკლასო გაკვეთილების გამდიდრების მიზნით ქართველი სპეციალისტების მიერ.
თვალსაჩინო და ფერადი ილუსტრირებული მასალა ეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ წარმოსახვა სხვადასხვა დროში, ადგილებსა და კულტურულ გარემოში მოგზაურობისთვის. G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალა გზას უხსნის გააზრებული კითხვის და მათემატიკის სწავლას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის იდეების აქტიურად გაცვლა-გამოცვლას. სახალისო და ინოვაციური რესურსები ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის როგორც სწავლების, ისე სწავლის პროცესს.
G-PriEd-ის პროექტის დასრულების შემდეგ, სასწავლო რესურსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადმოეცემა და იგი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისთვის.