საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
„ჩვენ გვქონდა პირველი საქმიანი შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და მის მოადგილეებთან. შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სისტემების მდგომარეობა. ვიპოვეთ ბევრი საერთო, განსაკუთრებით საინტერესო იყო თვენი ქვეყნის მიღწევები, რომელიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად. ჩვენს ურთიერთობებს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, მომავალში, ჩვენ ძალიან საინტერესო და ეფექტური პროექტები გვექნება“- განაცხადა მიხეილ ჟურავკოვმა.