საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად, ცენტრის განვითრების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითავლისწინებს თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებს შეხვდა და პროექტი და სამომავლო გეგმები მათთან ერთად განიხილა.
ცენტრის განვითარების პროექტმა საფრანგეთში კომპეტენტური და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ფარგლებში გაიარა ექპერტიზა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. გეგმის მიხედვით, ბიომედიცინის ცენტრში სამინისტროს დაფინანსებით გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება უკვე დაწყებულია. დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს საქმიანობა, რათა უმოკლეს პერიოდში მივიღოთ ულტრათანამედროვე სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც რეგიონალური მნიშვნელობის იქნება. სამინისტრომ ანალოგიური პროექტი უკვე განახორციელა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომელთა წარმატებულ საქმიანობაში ძალიან დიდი სტიმული გაზრდილი სახელფასო ანაზღაურება იქნება, რომელიც მალე მოვა შესაბამისობაში იმ 42 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასებთან, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2010 წელს შეიქმნა, როდესაც ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ირგვლივ გაერთიანდა რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ცენტრი. დღეს ინსტიტუტში ფუნქციონირებს: ნეიროფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლოზმის განყოფილებები, ნეიროტოქსიკოლოგიის, რადიაციული უსაფრთხოების, მხედველობის ფიზიოლოგიის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის და სხვა მნიშვნელოვანი ლაბორატორიები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ ახალ, ხუთწლიან მრავალკომპონენტურ სამეცნიერო კვლევით გეგმაში მკაფიოდაა გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები, გაწერილია უცხოელ მეცნიერთა თანამონაწილეობა, უზრუნველოფილია პროგრამის გამჭირვალე შესრულება და შედეგები.
პროექტთან ერთად ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურული ცვლილებების გეგმა, შრომის შესაძლებლობებს და პირობებს თანამედროვე სტანდარტებს დაუახლოებს, შექმნის თანამედროვე ბიო-სამედიცინო კვლევების მატერიალურ-ტექნიკურ და ექსპერიმენტალულ ბაზას. ამ ცვლილებების გეგმიურად და თანმიმდევრულად განხორციელება საშუალებას მისცემს ცენტრს დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გაცილებით უფრო აქტიურად ითანამშრომლოს არა მარტო ქართულ ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან. ეს ყველაფერი უდიდეს პერსპექტივას შესძენს საქართველოში ბიო-სამედიცინო დარგის და ზოგადად, მეცნიერების განვითარებას.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განვითარების ხელშეწყობა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს.