დასკვნით ეტაპზე გუნდებმა 36 შეკითხვას უპასუხეს. სულ სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის სკოლა - პანსიონის გუნდი, მეორე ადგილი გაიყო ორმა გუნდმა ცაგერის საჯარო სკოლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდებმა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა (ამაზონ ქინდლები და ქართველ ავტორთა წიგნები) და დიპლომებით. ასევე, დიპლომები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებს რაიონების მიხედვით.
საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეოთხედ იმართება. 18 აპრილს 71 სათამაშო მოედანზე ერთდროულად პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს. წამყვანებად მოგვევლინენ ცნობილი მოაზროვნეები და ტელე-კლუბის "რა? სად? როდის?" აქტიური წევრები.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობისა საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“