ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეების ნამუშევრები სამ ნომინაციაში შეფასდა. კერძოდ, "საუკეთესო პოეტური ნაწარმოები", "საუკეთესო პროზაული ნაწარმოები" და "საუკეთესო თარგმანი". სულ 29 ფინალისტი გამოვლინდა. კონკურსში 600-ზე მეტი ავტორის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან.
მეექვსე საავტორო სკოლის ინიციატივით დაარსდა, ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის, პაკო (ამირან) სვიმონიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია - "ამირანი". ამირან სვიმონიშვილი 2014 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოსწავლეთა ნამუშევრებს კომპეტენტურმა ჟიური სრული ანონიმურობის დაცვით განიხილა. ჟიურის წევრები იყვნენ: მწერალი და დრამატურგი - ლაშა თაბუკაშვილი, პოეტი - გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი და მთარგმნელი - ანდრო ბუაჩიძე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ნინო გორდელაძე, ჟურნალისტი - ეკა ტალახაძე.