საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილეებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება.
შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და აუდიტორიამ სრული ინფორმაცია მიიღო მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა არის ახალი სისტემის მიზანი, დანიშნულება და რა შედეგზე გაგვიყვანს.
სქემა ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ემსახურება და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. გარდა იმასა, რომ ახალი სქემა პედაგოგთა კვალიფიკაციას აამაღლებს, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სტატუსის შესაბამისად, აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა.