საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა ერთიანი სისტემაა. ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს და რაც მთავარია, მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება.
სქემაზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით უნივერსიტეტებში კვალიფიციური პედაგოგიური კადრები მომზადდება, მათი სწავლის დაფინანსებაში სახელმწიფო გარკვეულ რესურსებსაც ჩადებს.