საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
რაც შეეხება სკოლას, მისი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია. თამარ სანიკიძე სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული შენობის გამონახვაში დახმარებას დაჰპირდა. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია სკოლამ ახალი სასწავლო წლიდან მცირედი დანახარჯით სწავლის პროცესის განახლება შეძლოს.
„მომავლის სკოლა” თბილისში 1992 წელს დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერლ და ჯენეტ თრითების მიერ, რომლებიც დღემდე კურირებენ სკოლას.
მსგავსი სკოლები ფუნქციონირებენ მსოფლიოს 145 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, ინგლისში, ავსტრიაში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ა.შ. სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურ და ქართულენოვან სექტორებად იყოფა. თბილისის “მომავლის სკოლა” კურსდამთავრებულებს 1999 წლიდან ითვლის. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლასა და მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებლებში. ამჟამად სკოლაში სწავლობს 300-მდე მოსწავლე, მათ შორის უცხოენოვანი მოსწავლეებიც არიან.