ანაკლიაში „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლიც ჩამოიტანეს.
„მომავლის ბანაკის“ პირველ ნაკადში საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის, 288 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების 1246 კანდიდატურა წარადგინა, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი,იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან;
2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანას;
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა 14-18 წლის 50 მოზარდი წარმოადგინა.
მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე, „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ზაფხულის განმავლობაში „მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს.