დოკუმენტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს (საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 58-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნა).
მემორანდუმზე ხელისმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ. ამ შეთანხმებით, ისინი ასევე ასრულებენ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლის (მისაწვდომობა) და 29-ე მუხლის (პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა) მოთხოვნებს.