კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია მთავრდება. სამუშაობის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის მეორე სასწავლო კორპუსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ. აქ წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა და ამის გამო, მოსახლეობა სოფელსაც კი ტოვებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს სასწავლო კორპუსს სრული რეაბილიტაცია უტარდება და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ტექნიკით, უკვე დაწყებულია სკოლის ეზოს მოწყობა, სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სკოლას ემსახურება სასკოლო ავტობუსი. სკოლის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ განახლებული სკოლა ბევრ ბავშვს მეზობელი სოფლებიდანაც მოიზიდავს.
ინფრასტრუქტურული სტატისტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2013-2014 წლებში 134 სკოლა, 6 პროფესიული სასწავლებელი და 2 უმაღლესი რეაბილიტირდა. წელს 43 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო და აღჭურვითი სამუშაოები გრძელდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებშიც. რეგიონის 201 სკოლის 14 000-მდე მოსწავლეს 661 მიმართულებით ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი. გაკეთდა 9 სამედიცინო კაბინეტი. 20-ის მოწყობა მიმდინარეობს.
ჩხოროწყუში 2013-2014 წლებში 9 სკოლა რეაბიტირდა, მიმდინარეობს 2 სკოლის რეაბილიტაცია. 19 სკოლის 1691 მოსწავლეს 94 მიმართულებით ემსახურება სასკოლო ავტობუსი.