მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამაზე წელს პირველად არის შესრულებული პრაქტიკის კვლევები, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ბაზაზე ხორციელდება. მაგისტრანტებთან ერთად კვლევაში ჩართულნი არიან სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები. პრაქტიკის კვლევით სარგებელს იღებს როგორც სტუდენტი, ასევე კვლევაში ჩართული თითოეული მასწავლებელი და თავად სკოლა. კვლევის პროცესში სტუდენტები აცნობიერებენ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რასაც შესაძლებელია წააწყდნენ პედაგოგიური საქმიანობის დროს, ერთვებიან სკოლის ყოველდღიურობაში. მასწავლებლებს კი სტუდენტებთან მუშაობის პროცესში უვითარდებათ პრაქტიკის კვლევის უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევარ-მასწავლებლად ჩამოყალიბებისთვის და პრაქტიკის კვლევის უნარის განვითარებისთვის. ეს უნარები კი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული აუცილებელი კომპეტენციაა მათი კარიერული წინსვლისთვის.
პრაქტიკის კვლევის უნარის მქონე მასწავლებლებისა და განათლების სპეციალისტების სისტემაში შემოსვლა და არსებული კადრების ამ პროცესში ჩართვა სკოლის გაძლიერების, სისტემის გაჯანსაღების, პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების განვითარებას ემსახურება.
რაც შეეხება საჯარო დაცვებს, იგი ხელს უწყობს განათლების სფეროს განვითარებაში ჩართული ინსტიტუციების თანამშრომლობის გაძლიერებას, სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას და რაც მთავარია, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.
საჯარო დაცვები ასევე განაპირობებს სამაგისტრო ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას.