პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ხორციელდება და ორ ქვეპროგრამას მოიცავს: “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში”.
პროგრამაში 600 მოსწავლე 3 ნაკადად მონაწილეობს, საიდანაც 36 საუკეთესო მოსწავლე (12 თითოეული ნაკადიდან), სამინისტროს სრული დაფინანსებით, დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და ყოველწლიურად იზრდება სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა.
საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ ორი საზაფხულო სკოლა ტარდება. „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა“ და „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის“. ორივე მათგანი ბაკურიანში, ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.