საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებენ შემდეგი პროექტების განხორციელებისთვის:
კონკურსის „თანამედროვე გმირები“ ფარგლებში, გამოცხადდება ვიდეორგოლების კონკურსი სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები მოამზადებენ ვიდეორეპორტაჟებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მიმართ. წარმატებული ვიდეორეპორტაჟები აიტვირთება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. კონკურსში გამარჯვებულებს ორივე სამინისტროს მიერ ერთობლივად დაწესებული პრიზები გადაეცემათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, შეჯერდება მოსაზრებები და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო ითანამშრომლებენ პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სკოლის IV-V კლასის მოსწავლეების მიერ წერილების დაწერას და ამ წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან გაგზავნას. აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისგან საპასუხოდ მიღებული წერილების მოსწავლეებისთვის გადაცემას. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.