საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბაკურიანის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც არაქართულენოვანი სკოლების 50 მოსწავლე იმყოფება. ეს მოსწავლეები სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის -„ჩემი კულტურა და ტრადიცია“ საფუძველზე შეირჩნენ. მინისტრის მოადგილემ მათი მხრიდან პროექტის შეფასებები მოისმინა და იმ მდგომარეობით დაინტერესდა, რაც ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით მათ სკოლებში არსებობს.
მოსწავლეებს ბანაკში მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო ენა ჰქონდათ-ქართული. დიალოგიც განათლების მინისტრის მოადგილესთან ქართულ ენაზე წარიმართა, მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში მოხვედრამდე ქართულად ცუდად ან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, უკვე თავიანთ თავში დარწმუნებულები ამაყად საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე, ახალ მეგობრებზე და მომავალ ურთიერთობებზე.
შეხვედრამ აჩვენა, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გათვითცნობიერებული აქვთ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, ისინი მოტივირებულნი არიან, უყვართ სამშობლო და სურთ თავიანთ ქვეყანაში გახდნენ წარმატებულები.