კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან. WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრება 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ქალაქ სან-პაულოში იმართება.
საქართველოს სან-პაულოში ექვსი ახალგაზრდა წარემოადგენს, რომელთაც 2014 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვეს. შეჯიბრი ექვს პროფესიაში ჩატარდა - შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე. გამარჯვებული სტუდენტები არიან მალხაზ ჩიფჩიური, ანდრო ველიჩკო, გიორგი ჭეიშვილი, ლეონარდო სტეფანოვი, ანა ვაშაძე და ლია ბულაური.
სწორედ ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.
Worldskils-ის ფრგლებში წელს პირველად ტარდება სამთავრობო შეხვედრა, რომელსაც 64 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე მსჯელობა და თანამშრომლობაზე შეთანხმება. შესაბამისად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია და საქართველოს წარმომადგენლებს ამხნევებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, საელჩოს მრჩეველი/კონსული ეკატერინე რეხვიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ეკა ხარაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი ანა ბერიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსი მარინა ჟვანია, თბილისის განვითარების ფონდის მრჩეველი არჩილ ბარბაქაძე, ათასწლეულის ფამოწვევის ფონდი საქართველო, მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი, გუნდის ლიდერი მაკა ბერაია. ექსპერტები: გაბრიელ ვატიტაძე - გაზისა და ნავთობის კორპორაცია; ზურაბ შევარდნაძე - საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, „გარდენიას“ მფლობელი; სერგო კარაკოზოვი - პროექტების მენეჯერი IT Development Center; როდამ ხიდეშელი პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, მასწავლებელი „შანგრილა“, შეფ-მზარეული; ნათია მორჩილაძე - „ნატალი აკადემა“ აღმასრულებელი დირექტორი; ილია საგანელიძე - პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, მასწავლებელი „რედისონ ბლუ ივერია“, ივენთების მენეჯერი.
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.