103-ე სკოლა მრავალრიცხოვან მეტრომშენის დასახლებაში შენდება. სკოლის ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი ქალაქის მერიასთან ერთად განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
103-ე საჯარო სკოლის მშენებლობა ერთ-ერთი მასტაბური პროექტია, რომლის ანალოგიური პროექტი ათეული წლებია დედაქალაქში არ განხორციელებულა. სკოლის ახალი შენობა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტზე ხუთი მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.
103-ე საჯარო სკოლა ორსექტორიანია-ქართული და სომხური. სკოლის მოსწავლეები დროებით, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას სამინისტროს მიერ დანიშნული სასკოლო ავტობუსი ახორციელებს.