თბილისის 151-ე საჯარო სკოლის 1200–მდე მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება. სპორტულ დარბაზთან ერთად, სკოლაში წელს დერეფნები, საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა გარემონტდა, უნივერსალური დიზაინით გაკეთდა პანდუსები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათთვის ადაპტირებულია სპორტული დარბაზიც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა თანამედროვე გათბობის სისტემა. ამავე წელს ისე, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს, კიდევ 15 საკლასო ოთახი გარემონტდება. პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და სკოლის სრული რეაბილიტაციით დასრულდება.
2014 –2015 წლებში 9 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო 8 სკოლა შენდება. ამ ეტაპზე 20 სკოლის პროექტირება მიმდინარეობს, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა 2015 წელსვე დაიწყება. 1000-ზე მეტი სკოლა რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე 114 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.