საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ სკოლებში ვიზიტს და ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესის გაცნობას. ამჯერად, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქალაქ გორისა და გორის რაიონის რამდენიმე საჯარო სკოლა მოინახულეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სამინისტროს პირველი პირები მოსწავლეებისათვის გადასაცემი სახელმძღვანელოებითაც დაინტერესდნენ.
ქალაქ გორისა და გორის რაიონის საჯარო სკოლები აქტიურად ემზადებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დასრულებულია ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისიანია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მკვეთრადაა ამაღლებული მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს გორშიც წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა.
2015-2016 სასწავლო წლისათვის მოსწავლეებს, ისევე როგორც შარშან, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერსაც საჩუქრად მიიღებს.