საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს. მინისტრმა სკოლებში ის სახელმძღვანელოები დაათვალიერა, რომელიც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისთვის გადაეცემათ. თამარ სანიკიძე სკოლებში ჩატარებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაც დაინტერესდა.
ამავე დღეს თამარ სანიკიძემ თბილისის ერთ-ერთი დიდკონტიგენტიანი, მე-11 საჯარო სკოლაც მოინახულა. სკოლაში ამჟამად 1120 მოსწავლე სწავლობს. სკოლა წლების მანძილზე ავარიული იყო და მოითხოვდა გადაუდებელ რეაბილიტაციას, სკოლის რამდენიმე ფლიგელში სასწავლო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა.
2013 - 2015 წლებში მე-11 სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, მოწესრიგდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სკოლის ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბიბლიოთეკა და კომპიურეტული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო სააქტო დარბაზი, გაკეთდა შიდა კიბეები. სკოლაში არის 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც გასულ წელს რესურსოთახი მოეწყო, მათთან მუშაობს სპეცმასწავლებელი. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამ სართულზე არსებულ საკლასო ოთახებში და დერეფანში, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. სკოლაში დაგეგმილია სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც და ამით დასრულდება სრული რეაბილიტაცია.