საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები - 2015" გაიხსნა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ენის კვლევასა და სწავლებას, ქართველოლოგიის განვითარებას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, თანამედროვე საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების, ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით.
ორდღიანი კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი იოსტ გიპერტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინა ჩიტაშვილი.