საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, „ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოეწერა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ, შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ასევე მიიღო წვდომა (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა და რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე.
წარმატებული პარტნიორობა გრძელდება და ახლა უკვე, რუსთაველის ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.