საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო და აღჭურვით სამუშაოებს აფინანსებს. ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დასრულებულია რამდენიმეტაპიანი, ძვირადღირებული აღდგენითი სამუშაოები, ნაწილი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და უნიკალური საკვლევი დანადგარებით. პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, რომლის ღირებულებამ 461707.02 ლარი შეადგინა. აღნიშნული ინსტიტუტი სამი სამეცნიერო განყოფილებისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისაგან შედგება და ერთადერთია საქართველოში.
ერთ დროს ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი კვლევითი დაწესებულების ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია, არასათანადო პირობების გამო ინსტიტუტი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია და მალე მოხდება მისი ახალი ტექნიკით აღჭურვა. გაწეული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.