დღეს, 23 სექტემბერს ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს მთავრობის დადგენილების ,,საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად გაფორმდა, რომლის მიზანია სკოლებში ჭადრაკის გავრცელების ხელშეწყობა.
ჭადრაკი, ორწლიანი ელექტრონული პროგრამის სახით, არჩევითი საგანია II და III კლასებში დაინერგება. საქართველოს მასშტაბით შეირჩა 300-ზე მეტი საპილოტე სკოლა თბილისსა და იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონებში. დაიწყო პედაგოგების გადამზადება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია ატარებს. საპილოტე პროექტში მონაწილეობენ: თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის საჯარო სკოლები. სწავლება ორ ეტაპად წარიმართება და საპილოტედ შერჩეულ რეგიონებს სრულად მოიცავს.