საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში წელს ამ დღის აღსანიშნავად მომზადდა მრავალფეროვანი მასალა, კერძოდ, ორენოვანი ილუსტრირებული ბროშურა „ქართული ენა“ ხუთ ენაზე (ქართულ-ინგლისური, ქართულ-გერმანული, ქართულ-ფრანგული, ქართულ-ესპანური, ქართულ-რუსული), პოსტერები: ქართული ანბანი და ვისწავლოთ ქართული ენა, წიგნის სანიშნე, მუსიკალური ვიდეოკლიპი „ქართული ანბანი“. ეს მასალები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ ისინი გაგზავნა უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებში. საელჩოები ამ დღის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალზე წარმოადგენენ ქართული ენის კუთხეს და ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს, ქართული ენის უცხოელ შემსწავლელებს საჩუქრად გადასცემენ ამ მასალებს. 26 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში ქართული კუთხე წელს პირველად იქნება წარმოდგენილი. ზემოჩამოთვლილი მასალები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ქართულის, როგორც უცხო ენის ვებგვერდზე www. geofl.ge
ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპულ ცენტრს www.ecml.at აქვს სპეციალურად ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა ამ ვებგვერდის ქართულენოვანი ვერსია, ქართული ბანერითა და ფლაიერით და წელს ისიც შეემატა ენების ევროპული დღის ვებგვერდს.
წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის ოფისის მხარდაჭერით, ევროპული ინსტიტუტები - გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის ცენტრი და საბერძნეთის საელჩო - 26 სექტემბერს მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში იწვევენ მოსწავლეებს საქართველოს ყველა კუთხიდან, რათა ჩაერთონ სხვადასხვა ენობრივ აქტივობაში და ერთად იზეიმონ ენების ევროპული დღე.