საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიულოცეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და უნივერსიტეტების სხვა წარმომადგენლებმა.
კონცერტის ფარგლებში, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და უმაღლესი ქულების მქონე წარმატებულ სტუდენტებს საჩუქრები გადასცეს კომპანიების – მაგთიკომი, ჯეოსელი, PSP, პეტროლგაზი, „ლა ბელ მედიკალ“ და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.