საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სხვადასხვა სამთავრო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის თავდაპირველი ვერსია ევროკავშირის ექსპერტის მიერ, შესაბამის უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შედეგად შემუშავდა.
საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის დამუშავებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა ეტაპზე იყო ჩართული. განათლების სამინისტროს მიზანია, მხარი დაუჭიროს ამ გეგმის განხორციელებას პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელიც დევნილებს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების მიღებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, დარგობრივი სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი, სხვადასხვა აქტივობები.
ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილეების დონეზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.