შეხვედრაზე „ქართუ“ ფონდის და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საკვლევი ბაზის დაფუძნებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომლის შედეგადაც ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრი შეიქმნება. აღნიშნულ სამეცნიერო ცენტრს თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. პროექტების ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა კანონპროექტი „სსიპ ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითრების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ“, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილმა კომისიამ შეიმუშავა. კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრი დაფუძნდება, საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე შეტანილია პარლამენტში.