საქართველოს დელეგაცია პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შტუტგარტში, ბადენ ვუტენბერგის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კოლეგას, მანფრედ შტელეს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო დუალური განათლების ელემენტების დანერგვის პილოტირება საქართველოში, რისი საერთაშორისო გამოცდილებაც ბადენ ვუტენბერგის განათლების სამინისტროს უკვე აქვს. საქართველოს დელეგაციას განსახილველად სინგაპურთან წარმატებით თანამშრომლობის მოდელი წარმოუდგინეს. შეთანხმებისამებრ, საქართველოსთვის პროექტის შედგენასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ბადენ ვუტენბერგის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობას. ამის პარალელურად, ახალ ეტაპზე გადავა პროფესიულ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოს ბიბერახთან გააჩნია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, შტუტგარტის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს წარმომადგენელი მატიას კურლე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები თამარ ქიტიაშვილი და ვერნერ ქერნი.