ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ 40 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის პროფესიისათვის.
სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს გაცნობის საშუალებით, უნდა დამყარდეს მჭიდრო კავშირი საუნივერსიტეტო განათლების თეორიულ ნაწილსა და სასკოლო ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილს შორის, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, მოახდინოს თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სასწავლო გარემოში.
ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სქემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და მასწავლებლის მომზადების პროგრამების შეუფერხებლად განხორციელებისკენ არის მიმართული.