საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრაქტიკანტთა სტაჟირებას რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს და პარალელურად, ხელს უწყობს მათ დასაქმებას. კერძოდ, სტუდენტები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკის პერიოდში პროფესიონალიზმსა და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, საქმდებიან როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურებში, ასევე სხვა უწყებებში.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მასში ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, კვარტალში ერთხელ, თავად სამინისტრო აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას. შედეგად, ბოლო წლებში სამინისტროში სტაჟირება 200-ზე მეტმა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა გაიარეს. მათგან 20-ზე მეტი სამინისტროში, ბევრი მათგანი კი, სხვადასხვა უწყებაში დასაქმდა. ამ ეტაპზეც, სამინისტროში პრაქტიკას 35-მდე სტუდენტი გადის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს. სამინისტროს მიზანია, მომავალი სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება, რაც მათ დასაქმებასა და წინსვლაში დაეხმარებათ.