საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მე-7 სკოლაში კალათბურთში გარდამავალი თასის ფინალურ მატჩს დაესწრნენ, რომელიც აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილ ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
რუსთავის მე-7 სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილი ორი გმირი ჰყავს - ვახტანგ გზირიშვილი და კახაბერ თავგორაშვილი, რომელთა ხსოვნის პატივსაცემად, სკოლაში ყოველწლიურად მათი სახელობის ტურნირები იმართება. გაზაფხულზე სკოლა ტურნირს თავგორაშვილის სახელობის თასზე ატარებს ფრენბურთში, ხოლო კალათბურთში, გზირიშვილის სახელობის ტურნირს შემოდგომაზე. დღეს, მე-7 სკოლაში ტრადიციული მე-8 ტურნირი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ.
ყოველწლიური ტურნირების მიუხედავად, სკოლას შესაბამისი სპორტული დარბაზი არ ჰქონდა, რომელი პრობლემაც წლევანდელი ტურნირისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაჭრა. სამინისტროს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი, სველი წერტილები (მათ შორის ინკლუზიურიც) და გასახდელები ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა. საჯარო სკოლებს შორის რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის დარბაზი ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, გარდა სპორტული დარბაზისა, სამინისტროს მიერ სკოლაში შეიცვალა განათებისა და გათბობის სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის სახურავს, გაკეთდა ვიტრაჟები და გამოიცვალა გარე კარებები.
რუსთავის №7 საჯარო სკოლაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების კახაბერ თავგორაშვილისა და ვახტანგ გზირიშვილის სახელის უკვდასაყოფად გახსნილია მემორიალური დაფაც და სტენდიც. ტრადიციული სპორტული ტურნირების პარალელურად კი, სკოლა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ არაერთ სხვა ღონისძიებებსაც ატარებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები სამინისტროს მხრიდან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.