კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების განხილვა ეროვნული სასწავლო გეგემების განვითარებისა და დანერგვის მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე განათლების სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს იმ საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მოსწავლეებში სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საკლასო შეფასების საკითხებს.
კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოშო მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, მისი შესაბამისობა ეროვნულ საჭიროებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავებენ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საქართველოში დანერგვისთვის საჭირო რეკომენდაციებს.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს განათლების სისტემის წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო გეგმის ექსპერტები, განათლების მკვლევარები, ასევე, ესტონეთისა და ფინეთის სასწავლო გეგმის ექსპერტები.