საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლებთან ერთად, მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, მათი უმრავლესობა 24 საათიანი მომსახურებით სარგებლობს და შესაბამისად, საგანგებო ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ.
ამ დღეს „ქალთა ასოციაციის“ ინიციატივით, მოსწავლეებს საქველმოქმედო აქციით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, პედიატრი და ოფთალმოლოგიც ეწვია. ექიმებმა ბავშვებს გამოკვლევები ჩაუტარეს, დანიშნულებები მისცეს და psp-სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.
ექიმთან ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან, "ქალთა ასოციაციისა" და რადიო "ჯაკოს" წარმომადგენლებისაგან. წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა მოსწავლეებს ანსამბლ "გვირილას" წევრებმა, რომელთაც საგანგებო კონცერტი გამართეს მათთვის.
ინკლუზიური განათლების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარე წელს კონკრეტულად ამ სკოლაში ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, გაკეთდა საქვაბე და მოეწყო ცენტრალური კანალიზაცია, ამასთან პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი.