საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების, მშობელთა ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. წელს პირველად, ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად ნაწილში გაჩნდა ჩანაწერი მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის საკითხებზე.
მშობელთა პირველი, ფართომასშტაბიანი კონფერენციის მიზანიც იყო ისეთი აქტუალური თემების განხილვა, როგორიცაა - მშობლის როლი განათლებაში, შვილთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში, ძალადობის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ინკლუზია და ა.შ.
კონფერენციის მსვლელობისას მშობლებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დაესვათ კითხვები და მოესმინათ სპეციალისტთა კომპეტენტური პასუხები, მოსაზრებები და რჩევები. შეხვედრაზე განხილული იქნა მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი, პრობლემა, გაზიარებული იქნა ამ მიმართულებით არსებული ცოდნა და გამოცდილება, გაიმართა ასევე მსჯელობა პრობლემების გადაჭრის გზებზე.